საზოგადოება

2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო მოედანი მოეწყობა

26.01.17 19:20


თბილისს, 2017 წელს, რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება.

რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე განთავსდება.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ჩადო.

ღონისძიებას მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, დედაქალაქის მთავრობის წევრები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს და უბნის სპორტულ ცხოვრებას სხვა ეტაპზე გადაიყვანს.

აღნიშნულ პროექტს ჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამ უბანს დავატყოთ ჩვენი ხელი,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი’’ განახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დასრულდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები