პოლიტიკა

ეუთო საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს

02.06.16 20:35


ეუთო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, აპრილის ბოლოს ქვეყანაში იმყოფებოდნენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები (NAM), რომლებმაც წინასაარჩევნო მდგომარეობა შეისწავლეს, გამართეს შეხვედრა და მოამზადეს დასკვნა საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს მხრიდან მონიტორინგის საკითხზე.

ანგარიშის თანახმად, საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის დროს, შეხვედრებზე „გამოითქვა განსაკუთრებული შეშფოთება წინასაარჩენო კამპანიის ჩატარების გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ კონკურენტ ძალებსა და ამომრჩეველზე შესაძლოა განხორციელდეს ზეწოლა, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის გამო“.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ არ შეასრულა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ბოლო რეკომენდაციები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ჩატარებას ეხებოდა.

საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები ეუთო-ს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით „არჩევნების სადამკვირვებლო მისიის“ გაგზავნას ურჩევენ.

„ექსპერტების ძირითადი გუნდის გარდა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელი მისია გამოდის რეკომენდაციით, გაიგზავნოს 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გაიგზავნოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი არჩევნების დღეს მონიტორინგის განსახორციელებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისია მედიის მონიტორინგსაც განახორციელებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები