პოლიტიკა

ბათუმის პორტი სამხედრო ტექნიკის მისაღებად ემზადება

29.04.16 13:28


ბათუმის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით საქართველოში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო დელეგაცია ჩამოვიდა. ბათუმში მასშტაბური ერთობლივი წვრთნებისთვის, რომელიც მაისშია დაგეგმილი, ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ მაღალჩინოსანი სამხედროების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ „მათი ვიზიტის მიზანია ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და მათ შორის, საქართველოშიც“.

„ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს — თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა… ჩვენ ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს — გენერალ კაპანაძეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის“, — განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

მასშტაბური ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner 2015) გასული წლის მაისში გაიმართა. მასში მონაწილეობდა 400 ქართველი და 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა.

გასული წლის წვრთნების ჩასატარებლად საქართველოში მძიმე სამხედრო ტექნიკა შემოიტანეს — ქვეითთა 14 საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკის უზრუნველყოფის ავტომანქანები, ასევე სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა. 2016 წელს დაგეგმილ წვრთნებზე აშშ-იდან მექანიზირებული და ქვეითი ქვედანაყოფების სამხედროები ჩამოვლენ. წელს წვრთნებზე ასევე ამერიკული ტანკები Abrams გამოჩნდება.

ქართველი სამხედროები, ამერიკული ტანკების მიღებამდე, წვრთნებს ამერიკულ სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკაზე გადიან. მედიის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აშშ-იდან უკვე მიიღო 70 ტონა სამხედრო ტექნიკა და ტანკების გარდა, კიდევ დამატებითი ტვირთის შემოსვლას ელოდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები