პოლიტიკა

მთავრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე დღეს იმსჯელებს

06.06.16 15:55


მთავრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების კონტრასიგნაციაზე დღეს იმსჯელებს.

საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხადაა განსაზღვრული.
მთავრობის სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. მინისტრები საერთო ჯამში 38 საკითხს განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.

კანონმდებლობით, პრეზიდენტის განკარგულებაზე მთავრობის მეთაურმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის ახალ განკარგულებას ამჯერად ხელს მოაწერს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები