პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ აღარ ვარ საინტერესო, სიამოვნებით წავალ და მოგენატრებით

07.06.16 20:15


თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ აღარ ვარ საინტერესო, საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს და გარწმუნებთ, რომ სიამოვნებით წავალ და მოგენატრებით, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილმა ისაუბრა საზოგადოების განწყობებზე მისი პერსონის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს შიდა კვლევებით იზომება.

„ჩემდამი დამოკიდებულებას რაც შეეხება, საზოგადოების ნდობა რამდენად ისეა, როგორც მე მგონია? - რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი იყო ამ სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ რაღაც ეტაპზე იმუშავა და მერყეობდა დამოკიდებულება. ამას ვგრძნობდი იგივე კვლევებით. პირადად ჩემზე არ ვატარებდი კვლევებს, მაგრამ დამოკიდებულება გუნდისადმი, რომელიც მე დავტოვე, ჩემზეც გადმოდის და აისახება. ეს კითხვა შეიძლება ყოველთვის არსებობდეს. შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ მე ვარწმუნებ საზოგადოებას, თუ შევხედავ, რომ ეს ნდობა არ არის, ვალდებულების გრძნობა მომეხსნება - ახლა მხოლოდ ამით ვმოძრაობ, ვაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ავრცელებენ და ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა. გარწმუნებთ, რომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არც ერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და სიამოვნებით წავალ, საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს, უამრავი ჰობი მაქვს და კარგად ვიცხოვრებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოების განწყობის ყველაზე კარგი საზომი არჩევნები იქნება.

„თუ საზოგადოება ვერ გაიგებს ჩემს ნათქვამს, ჩემს არგუმენტირებულ დახასიათებას არ მიიღებს, ეს იქნება ჩემთვის საზომი. როგორც კი დავინახავ, რომ მიუხედავად ჩემი პოზიციისა და მიუხედავად ჩემი ანალიზისა, საზოგადოებამ არ გაიზიარა და არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, აი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით, ვეღარ მნახავთ ტელევიზიებში“, - დასძინა ივანიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები