პოლიტიკა

გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დიუმას შეხვდა

29.04.17 18:35


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დიუმას შეხვდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მეშვეობით ხორციელდება.

საქართველოს შს მინისტრმა, ევროპოლის ფარგლებში, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავი უწყებების სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით, გაცვალოს ინფორმაცია.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი მეკავშირე ოფიცრის ჰააგაში წარგზავნას გეგმავს, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს შს მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს უწყებაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიური გლობალიზაციის პირობებში, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრეინინგპროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცველებისთვის სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.

გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისათვის.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები