ეკონომიკა

საქართველო წარმატებულად ვაჭრობს: წლის დასაწყისიდან ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა

16.06.17 14:30


2017 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით გაიზარდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, ხოლო იმპორტი 3,8%-ით. საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20,1 მილიონი აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტის ჯგუფებს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 15%-ით აღემატება. 2017 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები