საზოგადოება

ფალიაშვილის ქუჩაზე C ჰეპატიტის მომსახურების ცენტრი გაიხსნა

10.06.16 20:05


თბილისში, ფალიაშვილის 110 ნომერში C ჰეპატიტის მომსახურების ცენტრი გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება უკვე ახალ მისამართზე შეუძლიათ. მომსახურების ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ვალერი კვარაცხელიამ და ზაზა სოფრომაძემ გახსნეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება.

პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისათვის სავალდებულო იქნება დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს სკრინიგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები. მომსახურების ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე, კლინიკებისათვის სერვისის მიღების პროცესს.

ამავე ცენტრში შესაძლებელა სკრინინგული კვლევების ჩატარება. იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, მიაწოდებს პაციენტებს.

ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა C ჰეპატიტის სერვის-ცენტრის გარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებშიც შეუძლიათ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გრძელდება უწყვეტად და ითვალისწინებს მოცვის გაფართოვებას, ყოველწლიურად 20 000 - 30 000 პაციენტის მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების გამოვლენას.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 793


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები