ეკონომიკა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდა

21.06.16 15:00


საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, ამის შესახებ ორშაბათს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.

აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან, ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 946


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები