ანალიტიკა

რამდენიმე ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან (ნაწილი IX)

03.01.18 20:00


ეს წიგნი იქნება ქართული მეცნიერების დიდი მონაპოვარი.

ამ წიგნის დაბეჭდვას არაფერი არ უნდა დაუდგეს წინ და ყველა სიძნელის მიუხედავად ეს აუცილებლად მოხდება (ყველა ზემდგომი თუ არა ზემდგომი ორგანოების მიუხედავად).

თავმჯდომარე სიტყვას აძლევს პროფ. ილია აბულაძეს
ი. აბულაძე: კადნიერება იქნებოდა ამ წიგნზე ჩემი აზრის თქმა, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მდგომარეობა, რაც არსებობს ჩვენ მეზობელ სომხეთში სხვა დარგებშიც.

საერთოდ, სომხურ სინამდვილეს იკვლევენ არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპაშიც. ამის ცენტრებია ვენეცია და ვენა. ერევნელები აგრძელებენ ვენეციის კურსს.

გამომსვლელი ასახელებს გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ვ. ინგლიზიანის ნაშრომს, სადაც გრძელდება ვენეციის ხაზის გატარება, რაც ნიშნავს ტრადიციის განმტკიცებას, ძვალ–რბილში გამჯდარი შეხედულებების მიდევნებას, წყაროების ნაკლებად კრიტიკულად გამოყენებას.

ეს ეხება ლიტერატურულ შემოქმედებასაც. ეღიშე – V საუკუნის სომეხი ავტორი (VI ს. დასაწყისი) ერთმა ვენელმა მეცნიერმა გადაიტანა VI საუკუნის ბოლოს, რამაც საშინელი რეაქცია გამოიწვია. ეს ეხება ერევნის წრეებს. გამონაკლისს წარმოადგენს აკად. ჰ. მანანდიანი, რასაც მას მისი მიმდევრები და მოწაფეებიც კი შეცოდებათ უთვლიან.

ასეთივე აზრი არსებობს იაკობ ცურტაველის შესახებაც – თითქოს ნაწარმოები პირველად სომხური იყო და მხოლოდ მერე გადმოვიდა საქართველოში.

ყოველივე ამის საფუძველია ის გარემოება, რომ სომხეთი უფრო ადრე შეხვდა დასავლეთს, ადრე გააცნო თავისი კულტურა. შეიქმნა მცდარი აზრი და ტრადიციით ეს დღემდე გრძელდება.

გ. ჩუბინაშვილის წიგნი არის წმინდა კრიტიკული ნაშრომი, ტაქტითა და ზომიერებით დაწერილი. იგი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს. უკეთესი იყო გამოქვეყნებულიყო მოსკოვში, სადაც უკეთესი საგამომცემლო ბაზაა, მაგრამ რადგან ეს არ მოხერხდება, დაიბეჭდოს ჩვენთან.

ერთი რამ კი შეიგნეს, რომ ქართული წყაროების გარეშე მუშაობა არ შეიძლება. საამისოდ აქეზებენ ახალგაზრდებს და ამიტომ საჭიროა კარგი ხელმძღვანელობა.

მომხსენებელი მიიჩნევს, რომ ქართული და სომხური კულტურის კვლევა უერთმანეთოდ არ შეიძლება. იგი ხაზს უსვამს, რომ გ. ჩუბინაშვილის წარმოდგენილი წიგნი გზის გამკაფავი ნაშრომია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და სომხებისთვისაც.

თავმჯდომარე სიტყვას აძლევს პროფ. ვარლამ დონდუას
ვ. დონდუა: მთავარია წიგნი, რომელიც დაიბეჭდება, რომელზეც გავიზრდებით, ვისწავლით, რომელიც პროგრესს დასახავს. ჩვენ ერევნელ კოლეგებსაც ასევე მოლოდინის გრძნობა უნდა ჰქონოდათ, როდესაც გაიგეს, რომ ასეთმა დიდმა მეცნიერმა, ხელოვნების დიდმა ისტორიკოსმა ხელი მოკიდა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს.

თავის გამოსვლაში ბ–ნმა გიორგიმ დიდი ადგილი დაუთმო თავის ურთიერთობებს აკადემიკოს ნიკო მართან. ეს იყო დიდად მნიშვნელოვანი გ. ჩუბინაშვილისათვის – ახალგაზრდა მეცნიერისათვის. რა ღრმად მეცნიერული და პრინციპული იყო ეს ურთიერთობა. ნ. მარი ცოცხალი რომ იყოს, საშინლად გაკვირვებული დარჩებოდა, რომ ახლა შესაძლებელი გახდა ასეთი საუბარი. ნ. მარი ორივე ხელს მოაწერდა ამ წიგნის გამოცემას.

ასეთი პროგრესი წინააღმდეგობას რომ იწვევს, ეს ბუნებრივია, იგი რომ აკადემიური ფორმით ყოფილიყო. ამ ფორმით წინააღმდეგობა კი ძალზე უცნაურია. ასეთი წინააღმდეგობები ბუნებრივია მეცნიერების ყველა დარგში. მაგალითად, ასე იყო რუსთაველის პოემის შესახებ, მაგრამ მათზე ამის გამო არავის კონტროლი არ დაუწესებია (თუნდაც ს. კაკაბაძის კრიტიკული გამოსვლები). უნდა ჩავაგონოთ ერევნელ ამხანაგებს უბრალო ჭეშმარიტება, რომ მეცნიერება არ არის უბრალო განმეორება, არამედ წინსვლაა.

ჩვენ ვიცით ძველი, დამყაყებული ტრადიციები. ანისში მეფე გაგიკის ქანდაკების აღმოჩენამ საშინელი ამბავი გამოიწვია. ნ. მარის სახელზე მოვიდა წერილი ევროპიდან, რადგან ჩალმა ახურავს თავზე, ეს უთუოდ აღმსარებლობას ნიშნავსო და სომხური ბურჟუაზია აღშფოთებული იყო, იგი მოითხოვდა ამ ქანდაკების დამალვას, ქანდაკებისა, რომელიც სომეხი მეფის გამოსახულება იყო.

აღმაშფოთებელია ჩვენ სოციალისტურ სამშობლოში სამეცნიერო გამოცემისათვის ნებართვის თხოვნა და იმის გათვალისწინება, ვის მოეწონება იგი და ვის არა.

თავმჯდომარე სიტყვას აძლევს აკად. გიორგი წერეთელს
გ. წერეთელი: ეს ისტორია ცოტა უცნაურია. ჩვენი აკადემიის პრეზიდენტს მოსწერა სომხეთის აკადემიის პრეზიდენტმა, რადგან მათ გაიგეს ამ ნაშრომის გამოცემის შესახებ, რომელიც სომხეთში ზოგიერთ სპეციალისტს სადავოდ მიაჩნია. მათ შეთავაზეს გაერჩიათ ეს წიგნი ერევანში ხელნაწერის გაგზავნით, ან თბილისში ჩატარებულ დისკუსიაში. გ. ჩუბინაშვილმა შეუთვალა მადლობა ყურადღებისათვის და დათანხმდა განეხილათ იგი თბილისში. ამ წიგნის შესახებ სომხეთიდან ათეულობით განცხადება წავიდა მოსკოვში და ცოტა უფრო სხვაგვარი წერილებიც. ამის პასუხად, სომხეთის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი გზავნის წერილს, რომ წიგნის შესწავლა აუცილებელია ხელნაწერში, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ თავისი აზრი უკვე წინასწარ გამოთქვეს თავიანთ წერილებში.

მაგრამ ეს არ არის სომხეთის მეცნიერების მთავარი ხაზი, არიან ჭეშმარიტი მეცნიერები, რომლებიც ნამდვილ მეცნიერებას ემსახურებიან. ზოგიერთნი კი ამღვრევენ წყალს.

ანალოგიური მდგომარეობა იყო ისტორიული რუკების შედგენისას. ზოგიერთნი უფლებას არ გვაძლევენ ვიქონიოთ საკუთარი აზრი თვით ქართული ანბანის შესახებაც კი. სომეხმა ისტორიკოსებმა უდიერად მოიხსენიეს აკადემიკოსები ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი კორიუნის ისტორიული წყაროს ინტერპრეტაციისათვის. იმავე გამომცემლობაში იბეჭდება ა. ფერიხანიანის წიგნი ქართული ანბანის შესახებ.

მე ვერ ვიმსჯელებ არქიტექტურაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ი. სტრიგოვსკის მერე არ არსებობს სომხური არქიტექტურის არცერთი სწორი კვლევა. ამჟამად კი გამოჩნდა მეცნიერი, შეიარაღებული თანამედროვე მეცნიერების მიღწევებით უკეთ, ვიდრე ეს იყო სტრიგოვსკის შემთხვევაში. როდესაც ასეთი დიდი მასშტაბის მეცნიერი ხელს კიდებს ამ შრომის დაბეჭდვას, ეს დიდ სარგებლობას მოუტანს სომხური არქიტექტურის შესწავლის საქმეს და იგი ახალ დონეზე ამაღლდება. ყველა მეცნიერი, ვისაც ჭეშმარიტად აინტერესებს მეცნიერება, მადლობელი უნდა იყოს გ. ჩუბინაშვილისა, რომელმაც ასეთი დიდი და ძნელი საქმე შეასრულა. მას ამისათვის ძეგლი უნდა დაუდგან იმათ, ვინც დაინტერესებულია თავისი ერის კულტურით და მისი წინსვლით.

რატომ მოკიდა ხელი ქართველმა მეცნიერმა სომხური ხელოვნების შესწავლას? ისევე, როგორც ივ. ჯავახიშვილმა ქართული საისტორიო წყაროების გვერდით აუცილებლად ჩათვალა და ყველაზე უკეთ შეისწავლა სომხური წყაროები.

ასეთი დამოკიდებულება შემთხვევითი ამბავია, შესაძლებელია, ეს უფრო პირადული ამბებით იყო გამოწვეული და არა მეცნიერულით. ეს შრომა კი მხოლოდ მისასალმებელია. მისი გამოცემის შემდეგ გამოვიდნენ კრიტიკით.

ერთ–ერთ წერილში ლაპარაკია, რომ გ. ჩუბინაშვილმა უგულებელყო წარწერების თარიღები და არქიტექტურული ძეგლების დათარიღება თავის ნებისმიერ სქემებს შეუფარდა.

წიგნი რომ გამოქვეყნდება, მაშინ ბევრი რამ გაირკვევა ამ წარწერების ავ–კარგზე, შეიძლება იგივე მოხდეს, რაც ალბანურ დამწერლობაზე.

გ. ჩუბინაშვილის წიგნის დაბეჭდვა დიდი მონაპოვარი იქნება სომხური მეცნიერებისათვის და მთელი საბჭოთა მეცნიერებისათვის.

თავმჯდომარე სიტყვას აძლევს აკად. გიორგი ჩუბინაშვილს
გ. ჩუბინაშვილი: ყველა გამოსვლის შემდეგ მინდა მადლობა გამოვხატო გამომსვლელთა მიმართ და გამოვთქვა დიდი სინანული სომხეთიდან კოლეგების ჩამოუსველელობის გამო, რომლებმაც მოსკოვში გაგზავნილ თავის წერილებში ძალიან თავისებურად დაახასიათეს ჩემი ნაშრომი. ისინი არც კი ჩამოვიდნენ ამ ნაშრომის გასაცნობად. იმის გამო, რომ სომეხი სპეციალისტები არ ჩამოვიდნენ 14 აპრილს, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი, არც დღეისათვის, 27 მაისისათვის ჩამობრძანდნენ (როგორც იყო ნათქვამი ხელმეორე მოწვევაში), ჩვენ იძულებული გავხდით მათ გარეშე ჩაგვეტარებინა ეს განხილვა.

თავმჯდომარე აკად. ა. ბოჭორიშვილი: ყველას აზრი და გრძნობა ის არის, რომ წიგნის შესახებ ყველაფერი ითქვა.

როგორც ფსიქოლოგმა, უნდა ხაზი გავუსვა – ამხანაგები „იძულებულნი“ გახდნენ ეთქვათ, რომ გ. ჩუბინაშვილი დიდი მეცნიერია.

ასეთი მსჯელობა – „დაიბეჭდოს, თუ არ დაიბეჭდოს“ – სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია.

1967 წელს გამომცემლობა „მეცნიერებამ“ (თბილისი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო–საგამომცემლო საბჭოს დადგენილებით, დაბეჭდა აკად. გ. ჩუბინაშვილის ნაშრომი „Разыскания по армянской архитектуре». მონოგრაფია ილუსტრირებულია მრავალრიცხოვანი ნახაზებითა და ფოტოებით (50 ნახაზი, 212 ფოტო). წიგნი იმ დროისათვის საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოქვეყნდა (500 ეგზ.). ამ გამოცემის წყალობით მეცნიერის მრავალწლიანი კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდა ფართო სამეცნიერო წრეებისათვის (რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომს ახლავს ვრცელი რეზიუმე გერმანულ ენაზე) და ხუროთმოძღვრების ისტორიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. წიგნის დასკვნაში ავტორი აღნიშნავს: „ვიმედოვნებ, რომ ჩემი ცდა, მეჩვენებინა სომხური არქიტექტურის ფორმების დროისმიერი განვითარება და ცვლილებები, შეიტანს მეტ მკაფიოობას მოვლენებსა და ცალკეულ ფაქტებში“.

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები