პოლიტიკა

ნინო ლომჯარიამ შს მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

11.01.18 19:45


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ლგბტ თემის წარმომადგენელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტს შეესწრო. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს რწმუნების წარდგენის მიუხედავად არ რთავდა შენობაში ყოფნის ნებას. ამასთან, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებას სწავლობს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად, მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა საქმის საფუძვლიანი შესწავლა და პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა. სახალხო დამცველის აზრით, ასევე უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და პოლიციელებს განემარტოთ სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების შესახებ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები