პოლიტიკა

სოზარ სუბარი NDI-ს კვლევაზე - არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი

16.01.18 21:00


არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი. მანამდე აზრი არ აქვს რამეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა განაცხადა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში მსგავს სტრატეგიულ საკითხებზე 8%-იანი კლება შეუძლებელია.

"ზოგადად, მე NDI-ს კვლევების ცალკეულ ციფრებზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ვისაუბრებ მხოლოდ ერთ ციფრზე, 1,9% არის ცდომილება, როგორც იქ წერია და ამ დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, თითქმის ყოველ არჩევნებზე დაახლოებით 20%-იანი ცდომილებაა. ევროკავშირს რამდენი უჭერს მხარს და ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე რამდენია, ამას ვერ გადავამოწმებთ და არჩევნებში რომელი პარტია რამდენს იღებს, ამას ვამოწმებთ ყოველ არჩევნებზე. მე სრულ ნდობას გამოვუცხადებ მაშინ, როდესაც ეს 20%-იანი ცდომილება 1,9%-იან ცდომილებამდე ჩამოვა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებდა მინისტრი მონაცემებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა აღელვებს და მთავრობის მუშაობას დადებითად რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ოდენობა აფასებს.

"ყველა მაჩვენებელზე და ყველა ციფრზე მე ვთქვი ჩემი მოსაზრება და ცალკე არც ერთს არ გამოვყოფ. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ის რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა არის დაბალი, ჩვენ არ ვართ შვეიცარია, ეს კარგად ვიცით და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

ზოგადად, კერძო სექტორში ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთლიანობაში, არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი. მანამდე აზრი არ აქვს რამეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები