საზოგადოება

ეროვნულ არქივს საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება

06.07.16 14:40


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მალე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებარე გალერეას დღეს იუსტიციის მინისტრი ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენების თუ საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.

მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად შენდება.

„ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ თანამედროვე ეროვნული დაწესებულება იყოს. ჩვენი ეროვნული მეხსიერება და შესაბამისი ექსპონატები არქივში არა მხოლოდ კარგად უნდა ინახებოდეს, არამედ ხელმისაწვდომიც უნდა იყოს საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც გავხსნით თვის ბოლოს საგამოფენო დარბაზს იქ, სადაც აქამდე ხან სავაჭრო ჯიხური იდგმებოდა, ხან კი მცირე კვების ობიექტი. იმედი მაქვს, რომ ეს საგამოფენო სივრცე არა მხოლოდ საბურთალოსა და თბილისის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის, საყვარელი ადგილი გახდება,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საგამოფენო სივრცის დათვალიერების შემდეგ.

ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში გამოფენების გარდა გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდება მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

გალერეა 2016 წლის 18 ივლისს გაიხსნება გამოფენით: − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“. მასზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო- თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა.

ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია.

აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 439 063 ფოტო-, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები