საზოგადოება

ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

06.07.16 18:55


თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილეს, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქ.თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 2-დღიანი ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ატარებს. ტრენინგის პირველი ეტაპი ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის დღეს ჩატარდა და მას აპარატის სწავლებისა და ტრენინგების მენეჯერი ნატალია მიქელაძე უძღვებოდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგები სულ 3 ეტაპად ჩატარდება და ქ.თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღის ყველა დირექტორი გაივლის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, განიხილეს მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, ვიდეოთვალთვალი, მონაცემთა გასაჯაროება, პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა, მოქალაქეთა უფლებები, ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ამასთან, ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებმა უპასუხეს ბაგა-ბაღების დირექტორებს საქმიანობასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვა კანონის თანახმად მიმდინარეობდეს, აუცილებელია თანამშრომლებს ჰქონდეთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების პრინციპების და საფუძვლების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ბაგა-ბაღში სამეთვალყურეო კამერებია დამონტაჟებული და ეს საკითხი ეხება ბავშვებისა და არასრულწლოვნების მონაცემებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი:
„მონაცემთა დამუშავების მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესები მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში. დღევანდელი ტრენინგის მიზანია ბაგა-ბაღების დირექტორებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია მონაცემების დამუშავების შესახებ, ასევე ჩვენი აპარატის საქმიანობის შესახებ, რომ შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ კონსულტაციები მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა საკითხებზე“.

თანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის საკრებულოს, განათლებისა და კულტურის კომისიას, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები