საზოგადოება

2017 წლიდან სკოლებში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

07.07.16 18:50


2017 წლის სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში ახალი წიგნები გამოჩნდება, რომელშიც პედაგოგების რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრ ჯეჯელავას განმარტებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება. შეიცვლება სახელმძღვანელოების როგორც იერი, ისე შინაარსი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები უცხო ენის სახელმძღვანელოს არ შეეხება, რადგანაც ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ჯეჯელავას მიაჩნია, რომ მეშვიდე კლასელთათვის საბუნებისმეტყველო საგანში გაერთიანებული სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მისი აზრით, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთი სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ პროცესი მიდის იქითკენ, რომ საგნები უნდა გაიყოს და სპეციალისტმა ასწავლოს თითოეული მიმართულება, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანამდე განათლების მინისტრმა 2017-2023 წლებში 1-6 კლასების სასწავლო პროგრამა წარმოადგინა.

უწყება პირობას დებს, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნები, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები იქნება გათვალისწინებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები