საზოგადოება

"ცენტრ-პოინტის" საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

13.07.16 15:00


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახის კუთვნილი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ გაფლანგვის საქმეზე ფიგურანტებს, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

წინასწარ პატიმრობა შეეფარდათ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს —სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ რჩეულიშვილს, კომპანიის ფილიალის „ცენტრ პოინტ აჭარას“ ექს დირექტორს სალომე ჩარკვიანს და ამჟამინდელ დირექტორს ირაკლი მინდელს.

ჩარკვიანი და მინდელი სასამართლოს განაჩენამდე დააპატიმრეს, მაია რჩეულიშვილი სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო გურამ რჩეულიშვილი, რომელიც არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, რამდენიმე საათის შემდეგ დააპატიმრეს.
წინა სასამართლო სხდომა 1 სექტემბრისათვის ჩაინიშნა.

პროკურატურის განცხადებით, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ —ს მიერ გაწეული სარეკლამო კამპანიით 2005 წლის 2 მაისიდან — 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან — 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან, მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა 3 756 017.41 ლარის ოდენობით არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ, მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან — 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ პოინტ აჭარას“-ს მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა 15 984 828.9 ლარის ოდენობით.

ამდენად, ერთობლიობაში მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან — 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ქართული სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაარსდა. მისი დამაარსებლები არიან დები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი — საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი.

თითოეულს კომპანიის აქციათა 50-% ეკუთვნის.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი“ არა ერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. კომპანიის ქმედებების შედეგად დაუზუსტებელი ინფორმაციით 6000-ზე მეტი ადამიანი თვლის თავს დაზარალებულად.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები