საზოგადოება

აფბა: ნატოს სამიტზე ქართული ღვინო სწორად გათვლილი მარკეტინგული სვლაა

13.07.16 15:40


ნატო-ს ვარშავის სამიტზე ქართული ღვინის გამოჩენა სწორად გათვლილი მარკეტინგული სვლაა და ის დადებითად აისახება ქართული ღვინის ცნობადობაზე,- თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის —აფბას “ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. ბოთლს ეტიკეტზე სამიტის ლოგო ჰქონდა დართული და მითითებული იყო, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

ანალიტიკოსის თქმით. ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა შეეცადა მოეხდინა ქართული ღვინის რეკლამა არა რიგით მომხმარებელზე და სეგმენტზე, არამედ იმ სახელმწიფოების პირველ პირებზე, სადაც ქართული ღვინის ექსპორტირება ხდება.

თუმცა რამდენ ხანში აისახება ეს უშუალოდ გაყიდვებზე და ექსპორტის მაჩვენებელზე, ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია.

რაც შეეხება სეგმენტს, ანალიტიკოსის თქმით უცხოეთში ქართული ღვინო რამდენიმე სეგმენტზეა განაწილებული, მათ შორის მაღალ-შემოსავლიან სეგმენტზეც, როდესაც ბოთლის ღირებულება 100 $ ცდება.

2016 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 51%-ით გაიზარდა.

სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,1 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 7,7 მილიონი (0.75 ლ) ბოთლი ქართული ღვინო, რაც 20%-ით მეტია 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე.

რუსეთი, რომელზეც 4,1 მილიონი ბოთლი ღვინო მოდის, კვლავ რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად. მას მოსდევს უკრაინა (დაახლოებით 1,1 მილიონი ბოთლი), ყაზახეთი (784,8 ათასი ბოთლი), პოლონეთი (443,2 ათასი ბოთლი) და ჩინეთი (371,3 ათასი ბოთლი).

წლის დასაწყისიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 124%-ით გაიზარდა, უკრაინაში — 66%-ით, პოლონეთში — 26%, ლიტვაში — 34%, ყირგიზეთში — 70%, აშშ-ში — 19%, გერმანიაში — 89%, ჩინეთში — 2%, ბელარუსში — 297%-ით და ა.შ.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები