საზოგადოება

ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს არ იზიარებს

25.04.16 20:05


იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს პასუხობს. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის შემდეგ განუცხადა, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნისა და გადაყვანა-დაწინაურების პროცედურებს შეეხება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მტკიცებით, სხდომის ოქმები ხელმისაწვდომია და ყველაფერი გამჭვირვალედ ხორციელდება.

„ვერ დავეთანხმები შენიშვნას, რომ მოსამართლეთა დანიშვნისთვის საჭირო გასაუბრებაზე, ისეთ სენსიტიურ თემებს არ ვეხებით, როგორიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დასმული კითხვები. ყველა სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვებს, თუმცა დასასმელი კითხვების დახვეწაზე მუდივად მუშაობს უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება შენიშვნას იმის შესახებ, რომ არათანაბარ მდგომარეობაში არიან კანდიდატები ჩაყენებულნი, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ, გადაყვანა-დაწინაურების საკითხი კი რეგულირდება ”საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლებით, სადაც ზოგადი რეგულაციებია მოცემული, ასევე საბჭოს აქვს შიდა რეგლამენტიც, რომელსაც ვითვალისწინებთ ასეთ დროს. თუკი ისევ იქნება შენიშვნები, საბჭო გაანალიზებს მათ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დღეს საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიში გააცნო. სხვა ხარვეზებთან ერთად ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 28


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები