პოლიტიკა

გაბრიელა ბატაინი-დრაგონი - ევროპის საბჭო და საქართველო ერთად მიდიან მნიშვნელოვანი მიმართულებით

09.05.16 20:15


საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პირველი სამოქმედო გეგმით კმაყოფილი ვართ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016-2019 წლებს მოიცავს,უფრო ამბიციურია, ვიდრე პირველი.

”ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვენდოთ მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას. ევროპის საბჭო და საქართველო ერთად მიდიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გრძელდება, პირველი სამი წელი ძალიან წარმატებული იყო. ახლა კი ჩვენ მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც ცოტათი უფრო რთული და ამბიციური იქნება, თუმცა, სწორედ ამისთვის ვიმყოფებით ჩვენ დღეს აქ“, - განაცხადა გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიხეილ ჯანელიძე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, საქართველოში მუშაობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს მთავრობას აძლევს რჩევებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, ”ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ ევროპის საბჭოს სურს საქართველო იყოს მისი ერთ-ერთი ძლიერი წევრი ქვეყანა”.

„ჩვენ რაც უფრო მეტად მივაღწევთ წარმატებას ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, მით უკეთესი იქნება სამეზობლოს ქვეყნებისთვის. ასევე ჩვენ არა მხოლოდ ის გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს სარგებელი ევროპის საბჭოსგან, არამედ საბჭომაც მიიღოს საქართველოსგან. საქართველო საბჭოს უკვე საკმაოდ ბევრს აძლევს, ეს ის არის, რასაც ჩვენ საკმარისად არ ვუსვამთ ხაზს. საქართველო დღეს ორგანიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები