საზოგადოება

იაპონიის, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების თეატრები შემოდგომაზე თბილისში იკრიბებიან

01.08.16 20:15


იაპონიის, ინდოეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების თეატრები თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი თბილისის სხვადასხვა სცენაზე 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და წარმოადგენს როგორც უცხოეთის, ისე ქართული თეატრების სპექტაკლებს.

„შაუბიუნეს (Schaubühne) თეატრი გერმანიიდან წარმოადგენს გერმანელი რეჟისორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის ისტორიული ფილმის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მარია ბრაუნის ქორწინება“.

ბრიტანული თეატრალური კომპანია Still House აჩვენებს საცეკვაო წარმოდგენას „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“, რუსული დასი „პ. ფომენკოს სახელოსნო“ წარმოადგენს ტურგენევის ნაწარმოების (Вешние воды) მიხედვით დადგმულ სპექტაკლს Русский человек на rendez-vous („რუსი რანდევუზე“).

იაპონური კომპანია „ტოგო“ სუძუკიდან წარმოდგენს საცეკვაო სპექტაკლს „ტროელი ქალები“, ხოლო ადიტი მანგალდასის (Aditi Mangaldas) ინდური საცეკვაო პროექტი — დადგმას „შიგნიდან“.

საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა სცენაზე ასევე წარდგებიან თეატრალური კოლექტივები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.

ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ფესტივალზე წარადგენენ მარჯანიშვილის, რუსთაველის, დუმბაძის, გრიბოედოვის სახელობის თეატრები, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, „თავისუფალი თეატრი, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და სხვები.

თეატრალურ ფორუმში ასევე მიიღებენ მონაწილეობას დრამატული თეატრები საქართველოს რეგიონებიდან. გარდა ამისა, ტრადიციისამებრ, ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა გამოფენასა და მასტერ-კლასს. Sputnik-ი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სრულ პროგრამას მალე შემოგთავაზებთ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიამ დააარსა. 2011 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები