საზოგადოება

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება

02.08.16 15:40


სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.

პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად ტაძარში მთავრობის წევრები - საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დევნილთა, სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებიან.

ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.
ლიტურღიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას დღეს, 09:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეასრულებს.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში აიტაცეს. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად მოვა და ხორციელ სიკვდილს დაითმენს.

საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები