საზოგადოება

ზუგდიდის დადიანების სასახლის ნაპოლეონის კაბინეტიდან უნიკალური ავეჯი აღდგენილია

02.08.16 18:45


ქართველმა რესტავრატორებმა ზუგდიდის დადიანების სასახლის ფრანგული კაბინეტიდან დიდი მხედართმთავრის ნაპოლეონ I-ის ორი უნიკალური ხის სეკრეტერი აღადგინეს.

ექსპონატების რესტავრაცია თბილისის ხელოვნების სასახლისა და ზუგდიდის დადიანების სასახლის ერთობლივი პროექტის შედეგად განხორციელდა.

ეს ძვირფასი ავეჯი ნაპოლეონ მესამის ოჯახის წევრმა პრინცმა აშილ მიურატმა, დადიანების ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომეს მეუღლემ საფრანგეთიდან ჭკადუაშში ჩამოიტანა. მიურატი ნაპოლეონის მარშალ იოაჰიმ მიურატისა და იმპერატორ ნაპოლეონის დის კაროლინას შვილიშვილი იყო.

მოგვიანებით უნიკალური სეკრეტერები ცნობილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის, ეთნოგრაფისა და ზუგდიდში დადიანების სასახლის დამაარსებლის აკაკი ჭანტურიას საკუთრებაში მოხვდა, აღნიშნულია ხელოვნების სასახლის “ფეისბუქის“ გვერდზე.

კი ისინი რევოლუციის შემდეგ მუზეუმში გადაიტანა. ბევრი საბჭოთა ჩინოვნიკი უმზერდა და თავისთვის ჰქონდა მონიშნული ეს ავეჯი, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლებმა არასოდეს არ დათმეს ჩვენი ეროვნული საგანძური.

ჭანტურიამ ეს უნიკალური ნივთები მუზეუმში გადაიტანა. 1930-იანი წლებიდან დაიწყო ავეჯის ხის ნაწილის დესტრუქცია, მას გაუჩნდა ჭია, დაშლა დაიწყო დეკორატიულმა ფიგურებმა. ექსპონატები ფონდში გადაიტანეს, 1980-იან წლებში მათი აღდგენის მცდელობა იყო, თუმცა დაწყებული პროცესი დაუფინანსებლობის გამო მალევე გაჩერდა.

2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას ინიციატივითა და ამავე მუზეუმის დაფინანსებით ძვირფასი ექსპონატები თბილისში, ხელოვნების სასხლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიტანეს.

ნამუშევრები ქართველმა რესტავრატორებმა აღადგინეს. ისინი ონლაინ-რეჟიმში კონსულტაციებს იღებდნენ ფრანგი, ირლანდიელი და ინგლისელი სპეციალისტებისგან.

ამჟამად ექსპონატები სრულად აღდგენილია. ისინი ზუგდიდში დააბრუნეს და დადიანების სასახლეში გამოფინეს.

„ვამაყობ რომ ეს პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩატარდა! აუცილებლად ჩადით ზუგდიდში და აუცილებლად ნახეთ ეს ძვირფასი ავეჯი! საგანძური რომელიც თითქმის საუკუნეა არ გამოფენილა!“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ როდესაც პრინცი აშილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, მან ბონაპარტების სახლის სხვა რელიკვიებიც ჩამოიტანა, რომლებიც მემკვიდრეობით ერგო: ახალგაზრდა ნაპოლეონის ხმალი, წიგნის კარადა, საწერი მაგიდა, ორი სავარძელი და იმპერატორის სამიდან ერთი ნიღაბი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ არის გაკეთებული. ყველა ეს ნივთი ამჟამად ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება, ხოლო ხმალი — ოზურგეთის მუზეუმში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები