საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა

03.08.16 20:45


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაცნობას. როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად ითვლება ევროპაში. იგი აღიარებულია მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ. CERN-ს ლაბორატორია მოსწონს და წარმატებით იყენებს. ფიზიკის ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან ფიზიკით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებიც.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა იმ სამუშაოებსაც გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ატარებენ.

მინისტრი ასევე გაეცნო უნიკალურ ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შექმნეს. ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ქართველ მეცნიერებს შეხვდა, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბაი), KEK-ისა (იაპონია) და CERN-ის (შვეიცარია) ერთობლივ პროექტებში.

ქართველი ფიზიკოსები წარმატებულად მოღვაწეობენ აღნიშნულ კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები