საზოგადოება

ელგუჯა მეძმარიაშვილს ხვალ 70 წელი უსრულდება

16.08.16 17:20


პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალურ კონსტრუქტორს, კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო საინჟინრო დარგის გამოჩენილ მეცნიერს და მოღვაწეს, ელგუჯა მეძმარიაშვილს 17 აგვისტოს 70 წელი უსრულდება.

ქართველ მეცნიერს იუბილეს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი ულოცავს.

„ელგუჯა მეძმარიაშვილი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. მას მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. დაცული აქვს ორი სადოქტორო დისერტაცია – სამხედრო მეცნიერების და ტექნიკის მეცნიერების დარგში. აქვს პროფესორის წოდება. არის სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია საქართველოს, საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების 15 ორდენითა და მედლით, მათ შორის ვახტანგ გორგასალის I ხარისხის ორდენით.

ელგუჯა მეძმარიაშვილის ძირითად მიღწევებად მიჩნეულია: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის წარმატებული გაშვება კოსმოსში; ტრანსფორმირებადი, საინჟინრო სისტემების თეორიის შექმნა; კოსმონავტიკის დარგის – კოსმოსური ნაგებობების ქართული სამეცნიერო და ტექნიკური სკოლის ჩამოყალიბება, რომელმაც შეძლო ორბიტებზე მრავალი პროგრამის რეალიზება; საქართველოში სამხედრო-საინჟინრო და სამხედრო თეორიის სამეცნიერო და აკადემიური მიმართულების ჩამოყალიბება და განვითარება.

მთლიანობაში ელგუჯა მეძმარიაშვილის მოღვაწეობამ განაპირობა: საქართველოში დამატებით რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ექვივალენტის ფინანსების შემოდინება; ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნა; უნიკალური სასტენდო კომპლექსების აგება; ახალი ტექნოლოგიების შემოტანა; შეკვეთები წარმოებებში; კონსტრუქციების შექმნა, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ მსოფლიოში; კოსმოსურ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობა; და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ წიგნაძის მილოცვის ტექსტში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 26713


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები