საზოგადოება

მონიტორინგის შედეგად 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, 17 აფთიაქს ფუნქციონირება შეუჩერდა

18.08.16 18:45


სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 30 დარღვევა დაფიქსირდა.

ღონისძიებების შედეგად 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ხოლო 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა.

ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა წარადგინა.

მაჭარაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები:

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი; აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი; მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი და აფთიაქის მხრიდან უნებრათვო საქმიანობის განხორციელების – 1 ფაქტი. ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება.

რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ საქართველოს მასშტაბით აფთიაქებში კონტროლი 5 აგვისტოდან დაიწყო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები