საზოგადოება

ლევან იზორია - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩემპიონები საქმეში, რასაც ჰქვია მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა

29.08.16 20:20


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის მოსანახულებლად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა. დელეგაციას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრები გამართეს ქალაქ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და შტაბის უფროსთან, გენერალ ლეიტენანტ იურგენ ვეითთან და NATO-ს ელჩთან ისმაილ არამაზთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროს სამხედრო მრჩეველს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულ IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებს პირადად გაესაუბრა.

"მე შეგნებულად, პირველი საერთაშორისო ვიზიტი ავღანეთში განვახორციელე.

იმიტომ, რომ მინდოდა გულით ჩვენი ვაჟკაცი ბიჭებისთვის მადლობა გადამეხადა იმ დიდი საქმისთვის, რა საქმესაც ისინი აქ ეწევიან. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ, რომ ყოველდღიური მათი საქმიანობა უდიდეს რისკთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული. ამიტომ თითოეულს გვმართებს, და განსაკუთრებით სახელმწიფოს, ამ ბიჭების მიმართ თანადგომა, მხარდაჭერა, პატივისცემის და იმ სიყვარულის გამოხატვა, რაც საზოგადოებას აქვს ზოგადად ჯარის მიმართ. ასევე მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ყველა გენერალთან შეხვედრის შემდეგ მეუფლებოდა განწყობა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩემპიონები იმ საქმეში, რასაც ჰქვია მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს არის ჩვენი უდიდესი წვლილი ამ საერთაშრისო მისიის ფარგლებში და გენერლების მიერაც ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის დიდი პროფესიონალიზმი, ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენი საერთაშრისო პარტნიორებისგან გააჩნია. დიდ წილად სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც საქართველოს დღეს აქვს მოპოვებული", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზეც" გაემგზავრა და ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს ბაზა "მარმალზე" დისლოცირებული II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შესახებ ესაუბრა. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებსაც შეხვდა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები