საზოგადოება

საქართველოს პროკურატურა: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე პოლიციელმა მიიყვანა

30.08.16 18:00


სამტრედიის რაიონის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სოფელ დაფნარის მცხოვრები დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელდა, ვის და სად მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში. ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა, ხოლო თევზაძე მომხდარიდან მეორე დღეს, შსს-ს რიგებიდან გაათავისუფლეს.

პოლიციელის მხრიდან მუქარის შემდეგ სტურუას, რომელსაც იმ დროს ქურდობისთვის პირობითი სასჯელი ჰქონდა, შეეშინდა, რომ თევზაძეს მართლა შეეძლო მისი დადანაშაულება და თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამად თევზაძე გამოძიებას ემალება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. თუ ის უახლოეს პერიოდში გამოძიების ორგანოებში არ მივა, მასზე ძებნას გამოაცხადებენ. ამასთან შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულ პოლიციელს საქართველოს საზღვრები არ დაუტოვებია. ასევე პროკურატურა 30 აგვისტოს მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

თევზაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატურიდამცირებით) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ნამდვილად იყო. სტურუას ახლობლები და ნათესავები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და დამნაშავის დაკავებას მოითხოვენ. სტურუას თანასოფლელები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს სისტემური ხასიათი აქვს და სამტრედიის რაიონის პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდებზე, თანამშრომლობის მოთხოვნის მიზნით, ზეწოლას ახდენენ. მომხდარით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისთვის გაუგებარია, როგორ შეძლო ბრალდებულმა, გამოძიებას დამალვოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, თუ როგორ მოხდა დამნაშავის მიმალვა, რადგანაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ეჭვმიტანილის მიმალვა“, — განაცხადა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაცია აქვთ საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა, დეპუტატები, საქმის გამოძიების დასრულებამდე, განცხადებებისგან თავს იკავებენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები