საზოგადოება

საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა

07.09.16 15:05


საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 2016 წლის მეორე კვარტალში 32.5 ათასი ადამიანით გაიზარდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5.7%-ით მეტია, სულ დასაქმებულთა რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში 601 ათასი პირი შეადგინა, პრესკონფერენციაზე განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, როდესაც კერძო სექტორი წინასაარჩევნო პერიოდში ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, ის ნდობისათვის და შექმნილი სამუშაო ადგილებისთვის ნამდვილად დიდ მადლობას იმსახურებს. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ზრდა დასაქმების კუთხით მცირე საწარმოებს ჰქონდათ-12,8%. „რაც შეეხება ზრდას მსხვილ საწარმოებში, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით გაიზარდა. მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365,9 ადამიანი“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა (წილი მთლიანში 25.5%), რომელსაც მოყვება მრეწველობა (18.7%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (10.3%), აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოში არა მხოლოდ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა, არამედ გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასიც.მინისტრის სიტყვებით, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 978.1 ლარი შეადგინა, რაც 3.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მეორე კვარტლის მონაცემს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები