საზოგადოება

დღეის მონაცემებით, კახეთში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

07.09.16 16:00


7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 3,7 ათასი ტონა რქაწითელი, 3,7 ათასი ტონა საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში რამდენიმე ღვინის კომპანიას ესტუმრა და საწარმოების მდგომარეობას გაეცნო, დაესწრო ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.

„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის ნახევარზე მეტი. ყურძენი სიმწიფეში ნელ-ნელა უკვე შედის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას და მზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება” – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 82 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 20-მდე ღვინის კომპანია.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში – 1 კგ. რქაწითელისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავისათვის – 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი

ჩაბარებული ყურძნის საფასურს პირი ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის” ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები