მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი - რუსეთს არ შეუძლია უკრაინული ქალაქების დაპყრობა, ამიტომ ბომბავს მათ, როგორც ეს სირიაში და ჩეჩნეთში გააკეთა

11.03.22 16:40


რუსეთს არ შეუძლია უკრაინული ქალაქების დაპყრობა, ამიტომ ბომბავს მათ, როგორც ეს სირიაში და ჩეჩნეთში გააკეთა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, რუსი სამხედროები ბომბავენ ყველაფერს განურჩევლად.

 

„მარიუპოლი ცალსახად არის სამხედრო დანაშაული, მაგრამ საქმე მხოლოდ ჰოსპიტალს არ ეხება. რუსეთს არ შეუძლია ქალაქების დაპყრობა, უკრაინის წინააღმდეგობა ძალიან ძლიერია, ამიტომ ის აკეთებს იმას, რაც გააკეთა სირიასა და ჩეჩნეთში - ბომბავს. რუსული ჯარი - საარტილერიო ჯარია. ამიტომ ის ბომბავს ყველაფერს განურჩევლად - იქნება ეს ჰოსპიტალი, ტროტუარი თუ სახლი“, - განაცხადა ბორელმა.

 

მისივე თქმით, არის შესაძლებლობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში გაასამართლონ.

 

„ასეთი შესაძლებლობა არის და იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ვფიქრობ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს,“- განაცხადა ბორელმა.

 

მან ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც მოხდა უკრაინაში, რუსეთთან ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებული იქნება.

 

„ჩვენ ევროპის ისტორიის ახალ ფურცელზე გადავედით, გლობალური გეოპოლიტიკის ახალ ფურცელზეც კი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

 

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც ბორელის თქმით, აბსოლუტურად გაუმართლებელი, უსაფუძვლოა და თანდათან უფრო მეტად სასტიკ ფორმებს იღებს და მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები