ეკონომიკა

საქართველო ჩინური ინვესტიციების ნაკადს ელის

18.05.17 20:20


საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

გასულ კვირაში პეკინში საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ხელშეკრულების მომზადებაში.

"ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება უმნიშვნელოვანესი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დასრულდა რეკორდულად შემჭიდროებულ ვადებში — შვიდ თვეში და შეთანხმების მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ ხელშეკრულება ძალაში შევა. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 176 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. ამ დროს, იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით რუსეთის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზე გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 270%-ით გაიზარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები