ეკონომიკა

მოსკოვი-ბათუმი: ახალმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა

02.06.17 20:00


რუსული კომპანია Nordstar Airlines ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომისთანავე მარშრუტით მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი რეისების შესრულებას შეუდგა.

ავიაკომპანიის პირველი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დილით, დაახლოებით 9 საათზე 135 მგზავრით დაეშვა.

განრიგის მიხედვით, Nordstar Airlines პირდაპირ რეისებს მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში სამჯერ განახორციელებს — ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით. ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გარდა Nordstar Airlines-ისა ჩერეპოვეც-ბათუმი-ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისების შესრულებას რუსული კომპანია Severstal-ი 3 ივნისიდან შაბათობით დაიწყებს. კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Nordavia რეისებს მარშრუტით სანქტ-პეტერბურგი — ბათუმი — სანქტ-პეტერბურგი 7 ივნისიდან შაბათობით შეასრულებს. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით რეისებს რვა ახალი ავიაკომპანია განახორციელებს. მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და სანქტ-პეტერბურგის გარდა, რეისები შესრულდება დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან და თეირანიდან.

სულ ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონის განმავლობაში 23 ავიაკომპანიის თვითმფრინავი იფრენს.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიკურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია. 2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ნიშანდობლივად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები