ეკონომიკა

აჭარა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის 10-20%-ით ზრდას ვარაუდობს

01.07.16 16:55


აჭარაში ელოდებიან, რომ 2016 წელს რუსეთიდან, გასულ წელთან შედარებით, 10-20%-ით მეტი ტურისტი ჩავა, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფიო ლაზიშვილმა.

„რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულში შედის, რომლებიც აჭარაში ტურისტულ ნაკადს ქმნიან. რუსეთიდან გასულ წელს რეგიონს 30 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, წელს ტურისტული ნაკადის 10-20%-ით გაზრდას ველოდებით.

რუსეთის მოქალაქეები აჭარაში, საშუალოდ, სამ-ოთხ დღეს ჩერდებიან და დღეში დაახლოებით 320 ლარს ხარჯავენ (ერთი ადამიანი).

იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის თურქეთის კურორტების კვლავ ხელმისაწვდომია, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ „საქართველო და თურქეთი კონკურენტი არ არიან“. „ეს ორი სხვადასხვა კულტურაა და საქართველოში ტურისტები სრულიად განსხვავებული მიზნით ჩამოდიან. შეიძლება, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თურქეთი ძალზე განვითარებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, რაც მასთან კონკურენციის საშუალებას გვაძლევს. და სამ-ხუთ წელიწადში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტურისტული სექტორი სულ ვითარდება, თურქეთისთვის დადგება საკითხი, არის თუ არა საქართველო კონკურენტი მათთვის“, — განაცხადა მან.

აჭარა რუსი ტურისტის შენარჩუნებას, პირველ რიგში, უსაფრთხოებით აპირებს. ლაზიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, უსაფრთხოების დონით, მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს (Crime Index for Country 2016-ის რეიტინგში) და დასძინა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ტურისტების მშვიდი დასვენებისთვის ყველაფერს აკეთებს. აჭარის უპირატესობებში ტურიზმის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს უძველეს კულტურას, ცნობილ რეგიონულ სამზარეულოს — ქართულ კერძებს აღმოსავლური კოლორიტით, 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის პლაჟებს, ღვინის ტურიზმს, უნიკალურ ბუნებას, ასევე უვიზო რეჟიმსა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ასეთი განვითარებული არასდროს ყოფილა. ამჟამად აქედან კვირაში საშუალოდ 85 რეისი სრულდება, მათ შორის რუსეთში და ფრენის პროგრამები მომავალშიც გაფართოვდება“, — აღნიშნა ლაზიშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები