ეკონომიკა

OECD: საქართველო შეიძლება იქცეს განვითარების მოდელად სხვა ქვეყნებისთვის

04.07.16 14:30


საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პროგრესი თვალსაჩინოა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესის კუთხით, რამდენადაც სწორედ ეს სექტორი წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების წყაროს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა.

მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება არა მარტო უზრუნველყოფს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ეკონომიკურ სარგებელს, არამედ დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე, განაცხადა ფრანც დუგლასმა უწყებათაშორისი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა.

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი პრიორიტეტები, რომლის შედეგადაც საქართველო რეგიონში შეასრულებს მოდელის ფუნქციას. მე აუცილებლად მოვახსენებ ორგანიზაციას, რომ საქართველო განვითარებაში ჩართული ქვეყანაა, ქვეყანა, რომელიც შეიძლება იქცეს განვითარების მოდელად სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“ — განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ.

დუგლას ფრანცმა თავისი პირველი ვიზიტიც გაიხსენა, როცა საქართველოს New York Times-ის კორესპონდენტის რანგში ესტუმრა და რეპორტაჟები მოამზადა კორუფციისა და არსებული ეკონომიკური პრობლემების შესახებ.

„ახლა კი ჩამოვედი ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი მიღწევები აქვს კორუფციის დამარცხების, საგადასახადო რეჟიმისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. როგორც უკვე აღვნიშნე სხდომაზე, საქართველომ, როგორც განვითარების მოდელმა, საკუთარ თავზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და კიდევ უფრო პროგრესული რეფორმები განახორციელოს როგორც ეკონომიკის, ასევე სოციალურ სფეროში“ — განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები