პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება

01.10.18 10:30


ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება თანხვედრაში ნატო-ს სტანდარტებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ქართველ სამხედროებს ავიაციის დღე მიულოცა და იმ რეფორმებსა და მიზნებზე ისაუბრა, რაც ავიაციის კუთხით ხორციელდება.

„ვულოცავ ამ დღეს მათ, ვინც საქართველოს საავიაციო სივრცის სადარაჯოზე დგას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და უანგარო სამსახურისთვის.

ქართულ სამხედრო ავიაციას 26- წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

საამაყოა, რომ ჩვენმა ქართველმა მფრინავებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში.

მოგეხსენებათ, რომ საჰაერო სივრცე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა.

ამ საქმეში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი მომოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები. ამავე დროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს სწორედ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული ურთიერთობები, ვისთან ერთადაც ვავითარებთ ამ მნიშვნელოვან კომპეტენციას. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს.

ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება.

საჰაერო თავდაცვითი საშუალებების გარდა, ვაუმჯობესებთ ქართული სამხედრო ავიაციის საჰაერო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პატრნიორის, აშშ-ს დახმარებით.

მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება, მათი რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისობრივად ახალი დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისთვის.

შედეგად, საქართველოს ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებშიც მიიღებენ მონაწილოებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები