ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეში ნაწილი XXVII

07.10.16 18:10


***
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ქვემო ქართლში ეპარქია აღდგა და ეწოდა აგარაკ-ტაშირის ქართული ეპარქია (ამჟამად ეს მხარე მოქცეულია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში). მართალია აღსდგა სამართლიანობა, მაგრამ ერთი კი მინდა შევნიშნო- სჯობდა, ეწოდებინათ ლორე-ტაშირის ქართული ეპარქია, რადგან ეს სახელწოდება უფრო სრულად ასახავდა ისტორიულ სინამდვილეს. ამ ფაქტს უარყოფითად შეხვდა სომხური სამეცნიერო და სასულიერო საზოგადოება.

მაგალითად- სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აკად. პავლე ჩობანიანი მას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით მსურს ვთქვა- ამ ბოლო ხანებში ერთი ტენდენცია შეინიშნება, ყოველი ანტიქართული გამოხდომის პასუხი ქართველთა მხრიდან სომეხ მეცნიერებს და პოლიტიკურ ექსპერტებს რატომღაც პოლიტიკურ შეკვეთად მიაჩნიათ. ანალოგიურად იქცევა აკად. ჩობანიანი, როცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეკვეთად ნათლავს, რაც არაფრით არ არის გამართლებული და აი, რატომ. ქართული, ქალკედონური ეკლესია-მონასტრების, ქართული ეპიგრაფიკის არსებობა ლორე-ტაშირში ფაქტობრივად ადასტურებს, XII- XIIIსაუკუნეებში ამ მხარეში ქართულ სამოციქულო ეკლესიას თავისი იურიდიული უფლება-მოსილება ჰქონდა და შესაბამისად ეწეოდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. მის მრევლს შეადგენდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი ქალკედონიტები. ეს უკანასკნელი კი ქართველებად განიხილებოდნენ. ასე რომ, აკად. ჩობანიანის შენიშვნა, ლორე-ტაშირის მრევლს მხოლოდ სომეხი ქალკედონიტები წარმოადგენდნენო, არ არის სწორი და ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავს. ამდენად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, აგარაკ-ტაშირის ქართული ეპარქიის აღდგენის შესახებ, იურიდიულად და ისტორიულად დროული და გამართლებულია.

ამდენად, საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია, მოითხოვოს ლორე-ტაშირში არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების გადმოცემა. მართალია, ქართული მრევლი უკვე აღარ არის იქ, მაგრამ ამ სავანეებში შეუძლიათ, გააჩაღონ მოღვაწეობა ქართველმა ბერ-მონაზვნებმა.

ბოლოს გვსურს, აღვნიშნოთ, არ გვაქვს პრეტენზია, რომ სრულად აღვნუსხეთ ქართული ეკლესიები სომხეთში.

დ ა ს კ ვ ნ ა

განხილულიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის სახით ითქვას:
1. საქართველოში არსებული ქრისტიანული მართლმადიდებელი, კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული, მუსულმანური, ებრაული და სხვათა საკულტო ძეგლები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და ეროვნული სიმდიდრეა. ქართველი ხალხის ისტორიის ორგანული ნაწილი. ამდენად კერძო საკუთრებაში გადაცემა, საქართველოში მცხოვრები რომელიმე კონფესიური ეთნიკურ ერთეულზე ქართული ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება. ეს იგივეა გავაჩუქოთ საქართველოს ისტორია, ქართული ეროვნული კულტურული სიმდიდრე, ქართული მიწა, წყალი, ბუნებრივი წიაღისეული და ა.შ.

2. საქართველოს ძველ ქალაქებში (თბილისი, გრემი) არსებული სადავო ეკლესიების შესახებ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს ქართველი მეფის სიგელი ამა თუ იმ სომხური ეკლესიის აშენების ნებართვის თაობაზე, მაშინ შეიძლება დაისვას საკითხი ამ ეკლესიის გადაცემა არ გადაცემის შესახებ.

3. საქართველოს კუთხეებში არსებული საპრეტენზიო ეკლესიის შესახებ კი სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს ამ მხარეთა მფლობელების ქართველ თავადთა ნებართვა სადავო ეკლესიის აშენების თაობაზე, წერილობითი დოკუმენტი, ქტიტორული წარწერა.

ვიდრე ასეთი საბუთი არ იქნება წარმოდგენილი, ეკლესიათა გადაცემის საკითხიც არ უნდა დაისვას.

4. მეფის რუსეთმა არ შეასრულა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული არცერთი მუხლი და გააუქმა საქართველოს სამეფო, ბაგრატოვანთა ტახტი. საქართველო გუბერნიების სახით შეუერთა რუსეთის იმპერიას.

საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია (1811) და მის სათავეში ჩააყენა რუსის ეგზახორსი, რის იურიდიული უფლება არ ჰქონდა.

ამ პერიოდში (1801-1917) აშენებული სომხური ეკლესიების შესახებ თუ არსებობს ოკუპანტი რუსის იმპერატორის, მაღალი მოხელის ან ეგზახორსის „პრიკაზი“ ამა თუ იმ სომხური ეკლესიის აშენების შესახებ საქართველოში, იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე არასდროს არ ყოფილა და არც ახლა არის.

ამდენად, სომხური მხარის მოთხოვნა ჯერ 442 ეკლესიის, ახლა 20 ეკლესიის გადაცემის თაობაზე სამართლებრივ სივრციდან არის გასული და არაკანონიერია.

5. საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ უნდა დააყენოს ოფიციალური მოთხოვნა სომხეთის მთავრობასა და ეჯიმიაწინის წინაშე ლორე-ტაშირის ქართული ეკლესიების - ახტალას, ქობაირის, ჰნევანქის, ჰუჯაბის, ოსკიპარის და სხვა ქართული ეკლესიების გადმოცემის თაობაზე.

6. აგრეთვე უნდა აღიძრას შიდა სომხეთში არსებული ქალკედონური ტაძრების-ზვართნოცის ბაგავანის, მრენის, თალინის და სხვა საკულტო ძეგლების საქართველოს საპატრიარქოს უფლებამოსილებაში გადაცემის შესახებ.

7. ეკლესია-ტაძრები არქიტექტურულ მხატვრულ სტილისა და ტიპოლოგიური თვალსაზრისით შესწავლილია ქართველი ხელოვნებათმცოდნეების მიერ. მათი კვლევის შედეგები ხშირ შემთხვევაში შესაბამისობაში მოდის მიღებულ დასკვნასთან.

8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნ დავით ლომიტაშვილის ინფორმაციით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში აშენდა 50 ახალი სომხური ეკლესია. ამ ეკლესიების აშენების კანონიერების დადგენას შევეცადე.დავადგინე მხოლოდ 5 არის უნებართვოდ აშენებული: 1. კოჩიო 2. ხორენია 3.მერენია 4. მურჯიკანი 5. ვაჩიანი, დანარჩენებზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.

ვფიქრობთ, ვის უფლებამოსილებაშიც შედის ახალი საკულტო ძეგლების აშენების ნებართვის გაცემა და კონტროლი, დროულად მოიყვანოს სამართლებრივ ჩარჩოში და აღკვეთონ ეკლესიების უკანონო მშენებლობა.

9. 20 ეკლესიას თუ დავუმატებთ 50-ს გამოდის 70 მოქმედი სომხური ეკლესია. ახალი სომხური ეკლესიების მეტი წილი მოდის ჯავახეთზე, ვფიქრობთ, სოლიდური რიცხვია, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი- საქართველოში არსებული ყველა საკულტო ნაგებობა (კათოლიკური, გრიგორიანული, მუსლიმანური, ებრაული და სხვ.) უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო საკუთრებად და მათი გადაცემა აიკრძალოს, როგორც მუდმივ, ისე დროებით სარგებლობის უფლებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებული საკულტო ნაგებობების აღრიცხვა უნდა მოხდეს. გაარკვიონ, რამდენია უნებართვოდ, უკანონოდ აშენებული და დააკისრონ ჯარიმა.

10.უნდა შემოწმდეს, რამდენად კანონის შესაბამისად არის გატარებული ესა თუ ის საკულტო ნაგებობა საჯარო რეესტრში. უკვე დროა, ეს ყველაფერი მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოში, თორემ გამოდის საქართველო „ნინიას ბაღი“ ყოფილა, ვისაც რა მოეპრიანება, ის ააშენოს!...

ეპ. ვაზგენ მირზახანიანმა 2016წლის 18 იანვარს არმენ პრესის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „საქართველოს ახალმა მთავრობამ ეკლესიების საკითხი გადაწყვიტა: ებრაულ და მუსულმანურ თემებს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებენ. ჩვენ წარვადგინეთ პირველად 442 ეკლესიის სია, მაგრამ ახლა ჯგუფი კიდევ მუშაობს. საქართველოს მთავრობას 20 ეკლესიის სია წარვუდგინეთ. იანვარში ველოდებით პასუხს და კიდევ 35 ეკლესიას მოვითხოვთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ იმას, რომ ყველა ეკლესიას დავიბრუნებთ!“...
ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

საზოგადოებაში მუსირებს აზრი ქართველი მეფეები შეჭირვების ჟამს თითქოს ქართულ ეკლესიებს მდიდარ სომხებზე ყიდდნენ.

ჩვენც და ჩვენამდეც მეცნიერ-მკვლევარები ათეული წლების განმავლობაში საქართველოს არქივებსა და სიძველეთ საცავებში ვეძებდით ამა თუ იმ ქართული ეკლესიის გაყიდვის დამადასტურებელ საბუთს, მაგრამ ვერ ვნახეთ.

ნასყიდობის სიგელის არ არსებობაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ცნობილი სომეხი ქართველოლოგის მურადიანის 400 გვერდიან მონოგრაფიას. „ძველი თბილისის სომხური ეკლესიები“ (2009, ეჯიმიაწინი, სომხ. ენაზე) რომ გავეცანი. მასში ზედმიწევნით არის მოძიებული და გაანალიზებული- ქართული, სომხური, უცხოური წყაროები, ძველი მანუსკრიპტები, ჰიშატაკარანები (ანდერძ-მინაწერი), ქართული, სომხური, არაბული ეპიგრაფიკა, საისტორიო წყაროები, რაც თბილისის ძველი სომხური ეკლესიების შესახებ არსებობს. ასე გასინჯე- ქრონოლოგიურად აქვს დადგენილი ვინ ასრულებდა საეკლესიო მღვდელთმსახურებას ამა თუ იმ ეკლესიაში, რამდენი იყო მრევლის შეწირულობა და ბუღალტრული ანგარიშებიც კი აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ არსად ხსენებაც არ არის რაიმე თამასუქებზე ეკლესიის ნასყიდობის სიგელზე ან სხვა რაიმე ამგვარ საბუთის შესახებ.

პ.მურადიანს ამგვარი საბუთი, სიგელი კი არა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯიც კი რომ ეპოვნა დარწმუნებული ვარ სიხარულით გამოაქვეყნებდა.

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები