პოლიტიკა

ლევან იზორია - რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას ვგეგმავთ

27.05.17 15:30


ვგეგმავთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ანტისაჰაერო სისტემა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და ბუნებრივია, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.

„ამ კონტექსტში სწორედ პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა ნატო-სთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა ნატო-ს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

„ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი გვქონია დღემდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ათასობით ჩვენი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების გაწვრთნას, მაქსიმალური ნატო-ს სტანდარტების უზრუნველყოფით, ასევე ითვალისწინებს ამ ბატალიონების აღჭურვას ნატო-ს ადეკვატური ტექნიკით და ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ ერთობლივად ავაშენოთ საბრძოლო მომზადების ცენტრი, ანუ შევქმნათ ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას მოვახდინოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების სინქრონიზება“, - განაცხადა იზორიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები