პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს თავის საქმიანობის გამჭვირვალობას და ღიაობას

29.05.17 15:15


ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს თავის საქმიანობის გამჭვირვალობას და ღიაობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.

„2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარედ.

2017 წლის ოქტომბერში საქართველო ერთი წლით გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი თანათავმჯდომარე ქვეყანა. გარდა ამისა, მთავრობის მიზანია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება.

წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლებამ განახორციელა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა.

დაინერგა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის და შეფასების ობიექტური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, პროკურორის დანიშვნის პროცესი უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაშიც გატარდა ძირეული რეფორმები.
„შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ხარისხი და უსაფრთხოების სტანდატები, წარმატებით გადაიჭრა გადატვირთული სასაჯელასრულების დაწესებულებების პრობლემა. პატიმართა რაოდენობა შემცირდა 60 პროცენტით“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე იყო პოლიციის დეპოლიტიზაცია.

„ 2015 წელს შს სამინისტროს რეფორმის შედეგად, მოხდა პოლიციისა და უსაფრთხოების უწყებათა ინსტიტუციური და ორგანიზაციული გამიჯვნა. შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც თავი მოუყარა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა იმ უწყებას, რომელიც მანამდე შსს-ს დაქვემდებარებაში იყო“, -აღნიშნა პრემიერმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები