პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად

29.05.17 16:10


საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე.

”ნატო საქართველოსათვის არის საუკეთესო პლატფორმა არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, ასევე, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და ხელისუფლებისთვის. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენ ქვეყანას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

საქართველოს პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ მომავლის რწმენას საქართველოს ისტორიული გამოცდილება გვინერგავს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ სამშობლოს და ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ყოველთვის ახერხებდა არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ თავისი თვითმყოფადობის კიდევ უფრო განმტკიცებასა და განვითარებას. საქართველო დღესაც უამრავი სირთულის წინაშეა, თუმცა, ჩვენი და თქვენი საერთო ძალისხმევით ჩვენ ყველა სირთულის დაძლევას უსათუოდ შევძლებთ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გაერთიანებული სახელმწიფოები დღეს ცდილობენ ერთობლივად გაუმკლავდნენ საერთო გამოწვევებს - საინფორმაციო ომებს, ჰიბრიდულ ძირგამომთხრელ საქმიანობას, კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებს. საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულეს და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის სიტყვებით დაასრულა.

”ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა დავასრულო ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის სიტყვებით: „ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, ვიდრე მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“. ჩვენი ამოცანაა, გავერთიანდეთ თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში სტუმრობისა და თანადგომისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები