საზოგადოება

ლევან დავითაშვილი - წელს ყურძნის უხვი მოსავალია

24.08.17 18:30


თელავში დღეს 2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. შტაბს სასტუმრო „ალაზნის ველში“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გახსნის.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლევან დავითაშვილმა განუცხადა, წელს ყურძნის უხვი მოსავალია.

”ყოველ წელს არსებობს მთავრობის განკარგულება რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების შესახებ, რადგან ეს არის საკმაოდ მასიური კამპანია და შესაბამისად, მაქსიმალური კოორდინაცია სჭირდება პროცესს, რადგან ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგნეტოს ხელძღვანელი ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, ჩართულია შსს. ჩვენი ოპერატორები ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრებიან და აღრიცხვაში მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, მთელი კახეთი იქნება დაფარული მობილური ჯგუფების მიერ, რადგან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს წესრიგი და პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და კოორდინირებულად. ძირითადი ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ არ მოხდეს ერთდოულად იმაზე მეტი ოდენობის ყურძნის დაკრეფა, ვიდრე, იმ კონკრეტულ მონაკვეთში საწარმოს სიმძლავრეა. ამიტომ, საკოორდინაციო შტაბი იღებს ინფორმაციას საწარმოებისგან კონკრეტულ დღეს, რამდენი ყურძნის გადამუშავება შეუძლია, ეს ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია მიაქვთ ფერმერებამდე, რომ ორგანიზებულად წარიმართოს პროცესი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შტაბის მუშაობის დასრულება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს სხვადასხვა მონაკვეთში ყურძნის გადამუშავების პროცესი დასრულდება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები