საზოგადოება

საქართველოს შეიარაღებული ძალები 28 წლის იუბილეს აღნიშნავენ

30.04.19 10:15


საქართველოს შეიარაღებული ძალები 30 აპრილს, დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს.

მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ბინების მშენებლობას საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაუყრიან.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ოფიციალური ნაწილის ბოლოს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.

შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება დასავლეთ სარდლობაშიც, კერძოდ მე-2 და მე-3 ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლების ბავშვებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.

დღევანდელ დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარათონით და ოფიციალური მიღებით აღნიშნავენ.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა.

ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები