ანალიტიკა

შიმშილი უახლოესი მომავლის საფრთხეა

05.03.22 22:30


უკრაინის ომი ახალ ფაზაში შედის. რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფად დამარცხება და ვერ აიძულა იგი სწრაფად დანებებულიყო (როგორც ეს შესაძლებელი ჩანდა რუსეთის ფედერაციაში პირველ დღეებში). მეორეს მხრივ, უკრაინამ დაკარგა გარკვეული ტერიტორიები, გაწყდა კომუნიკაციები, დაინგრა ინფრასტრუქტურა ზოგიერთ ქალაქში. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ფრონტის ხაზის „სტაბილიზაცია“ . ომი „გაჭიანურდება“, რაც უზარმაზარ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის  არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

 

უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე სურსათის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ომამდელი უკრაინა თავისი 40 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობით, საკვებით ამარაგებდა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 400 მილიონზე მეტს, ე.ი. 10-ჯერ მეტს ვიდრე თავად ჰყავს. ბუნებრივია, ახლა ეს საკვები არ მიეწოდება მსოფლიო ბაზარს და ვერც მომავალ წელს მიეწოდება. უკრაინის შავი ზღვის პორტები საომარი მოქმედებების შედეგად მთლიანად დაბლოკილია,  რუსული პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვაც სირთულეს წარმოადგენს.

 

უკრაინაში საკვების დეფიციტი უკვე შეინიშნება. მაღაზიები ცარიელია, ბაზრები არ მუშაობს, კვების მრეწველობის საწარმოები წყვეტენ მუშაობას. ქვეყანაში მარცვლეული და ფქვილი უხვადაა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციისა და რიგი დიდი ქალაქების ბლოკადის პირობებში მათი მომხმარებლამდე მიტანა ძალზედ ძნელია.

 

მარცვლეულის უზარმაზარი პარტიები დალუქულია, მათი მიწოდება არც რკინიგზით, არც საავტომობილო და არც წყლის საშუალებით არ არის შესაძლებელი.

მეცხოველეობის კომპლექსი ინგრევა - ბევრი მეფრინველეობის ფერმა ვერ ახერხებს საკვების მიწოდების უზრუნველყოფას  და მეფრინველეობის პოპულაციის შესანახი საშუალებები არ გააჩნიათ. რუსეთის საოკუპაციო ჯარები, თავიანთი სამხედრო გარნიზონებით დიდი ქალაქების გვერდის ავლით, იკავებენ მიმდებარე სოფლებს, რაც პრობლემურს ხდის ამ ქალაქების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგებას.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უპირველეს ყოვლისა რუსეთმა უკრაინის ნავთობსაცავებსა და საწვავის საცავებს შეუტია, რათა უკრაინულ ჯარებს საწვავი გამოელიოს. და თუ დარჩენილ საწვავს როგორღაც "თავს მოუყრიან" სამხედრო საჭიროებისთვის, მაშინ საგაზაფხულო საველე სამუშაოებისთვის ძალიან დააკლდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის რეგიონებზე, სადაც ფრონტის ხაზი გადის და ზოგიერთი ველი უბრალოდ დანაღმულია.

 

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის უმსხვილესი მომწოდებლები არიან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. უკრაინული და რუსული მარცვლეული, მარცვლეულის ბალანსის დაახლოებით 85%-ს შეადგენს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ეგვიპტე. 100 მილიონი ეგვიპტის მკვიდრი, ფაქტობრივად  მარცვლეულის მარაგის გარეშე რჩება.

 

საკითხავია, შეძლებენ თუ არა ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები სხვა ქვეყნებიდან - იგივე აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან თუ არგენტინიდან - მარცვლეულის ხარჯზე უკრაინული ხორბლის მიწოდების შეწყვეტის პრობლემის გადაჭრას. ამ ქვეყნებში მარცვლეულით მოვაჭრეები ახლა მარაგებს ზოგავენ და თანაც ლოჯისტიკა არც ისე მოსახერხებელია. მარცვლეულის ტრანსპორტირებას აშშ-დან ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 25 დღე სჭირდება, ნაცვლად უკრაინიდან 7 დღისა.

 

აშკარაა შიმშილის რეალური საფრთხე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ამან შეიძლება კვლავ გამოიწვიოს პოლიტიკური არასტაბილურობა, ახალი ომები და ახალი ლტოლვილები. მათ შორის შიმშილისგან გაქცეული ლტოლვილები. უკრაინიდან დაახლოებით 5-10 მილიონი ლტოლვილის გარდა, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში შიმშილობამ შეიძლება ლტოლვილად აქციოს სულ მცირე „დამატებით“ 50-100 მილიონამდე ადამიანი, რომლებიც შედარებით აყვავებულ ქვეყნებს შეეხიზნებიან.  კერძოდ, ევროპის ქვეყნებსა და თურქეთს. მაგრამ აქ ამის გარეშეც, ომით განადგურებული სირიიდან ლტოლვილთა ტალღის პრობლემის სიმწვავე ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.

 

და რაც მთავარია, როგორ უნდა გამოიკვებოს ეს ხალხი ახალ ადგილას? „მაძღარი ევროპის“ კონცეფცია წარსულს ჩაბარდა. ბუნებრივი აირისა და შესაბამისად სასუქების გაძვირება ევროპელ ფერმერებსაც დააზარალებს და აქაც მოსავლიანობის მკვეთრი კლებაა შესაძლებელი.

 

ასეთ პირობებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები მარცვლეულისა და სხვა კრიტიკული საკვების მარაგების შესაქმნელად, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირებისა და ფერმერების მხარდასაჭერად. ფაქტობრივად, სწორედ ქართული მიწა  და არა ტურიზმი, არა სამთო მრეწველობა და არც სატრანზიტო სტატუსი,  შეიძლება იქცეს ქვეყნის მთავარ „მარჩენალად“.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები