პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - „ნენსკრა ჰესის“ პროექტზე ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდება, რათა მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე

21.11.22 18:00


„ნენსკრა ჰესის“ პროექტზე ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდება, რათა ერთხელ და გადაწყვეტით, მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე ან მკაფიოდ განისაზღვროს ის, რომ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს და დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ პირობებთან დაკავშირებით საკუთარი პასუხი წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.

 

„ნენსკრა ჰესთან“ დაკავშირებით, სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პროექტი თავის ვადებში ვერ შესრულდა. ინვესტორმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის, მათ აქვთ თავიანთი კონკრეტული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ისინი აბრალებენ ქვეკონტრაქტორ კომპანიას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ინვესტორი კომპანიის პასუხისმგებლობა. თუმცა დღეს “ნენსკრას” პროექტისთვის შერჩეული ინვესტორი არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ მზადყოფნა ექნება, რომ პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგები დადოს, საქართველოს მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას და კომპანიას კიდევ ერთი შანსი მივცეთ. კომპანია K-waters-თან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები, რომელიც თავიდანვე კონკურსის მიხედვით იყო განსაზღვრული. უბრალოდ ვნახეთ, რომ სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან კომპანიამ ამდენი ხანი ვალდებულებები ვერ შეასრულა და საქართველოს ეკონომიკა დააზიანა განუხორციელებელი პროექტით.

 

იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობა აღმოჩნდება მზად, რომ მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები და განაგრძოს პროექტის განხორციელება. საქართველოს პრემიერთან უმაღლეს დონეზე შედგა შეხვედრა კომპანიის პირველი პირის. ასეთ დონეზე შეხვედრები არ ხდებოდა და პრობლემები ალბათ დაკავშირებული იყო კომუნიკაციის ხარისხთანაც. შევთანხმდით, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესება მოხდება და უშუალოდ პირველი პირი, ვიცე-პრეზიდენტი ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ერთხელ და გადაწყვეტით, მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე ან მკაფიოდ განისაზღვროს ის, რომ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს და დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი. ხაზს ვუსვამ ჩვენს განწყობილებას, რომ განვაგრძოთ პროექტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან იყოს მზადყოფნა. პროექტის განხორციელებას სჭირდება 5 წლამდე. წლის ბოლომდე უნდა შევთანხმდეთ კომპანიასთან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები