პოლიტიკა

ნიდერლანდების ელჩის მოადგილე - კანონის უზენაესობას მივიჩნევთ, როგორც ხერხემალს დემოკრატიული ქვეყნისთვის - ადამიანის უფლებების და დამოუკიდებელი მედიაგარემოს პატივისცემა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე

22.11.22 15:00


ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ასახულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, ეხება სასამართლო სისტემას. ეს აერთიანებს ბევრ კომპონენტს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეების დამსახურებაზე დამყარებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი დანიშვნა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ, ლუს ლამერტსიმ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ჩვენ კანონის უზენაესობას მივიჩნევთ, როგორც ხერხემალს დემოკრატიული ქვეყნისთვის. ადამიანის უფლებების პატივისცემა და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს პატივისცემა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ „საია“ არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გამოდიან რეკომენდაციებით მონიტორინგის საფუძველზე. ანგარიში, რომელიც დღეს მათ წარადგინეს, ეფუძნება 2 000-ზე მეტი შემთხვევის მონიტორინგს.

 

ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ანგარიში წარმოადგენს ნეიტრალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ დამოუკიდებელ შეფასებას. „საია“ ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს საქართველოს სასამართლო და კანონის უზენაესობის სისტემის შემდგომი სისტემური და შეუქცევადი ცვლილებების შესახებ. ნიდერლანდებისათვის გადამწყვეტია, რომ იქნება სისტემური ცვლილებები და რომ საქართველოში სასამართლო სისტემის ცვლილებები და გაუმჯობესება შეუქცევადია“, - აღნიშნა დიპლომატმა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახავს, რომელთა საფუძველზეც საიამ რეკომენდაციები მოამზადა.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება გირაო და პატიმრობა. მათივე ცნობით, საიას მონიტორები სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 490 სხდომას, 559 ბრალდებულის მონაწილეობით დაესწრნენ, საიდანაც 531 (95%) პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, 28 (5%) პირის მიმართ კი სასამართლომ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ასევე ბრალდების მხარეს მხოლოდ 10 პირის (2%) მიმართ არ მოუთხოვია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

 

"საანგარიშო პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 271 (51%) ბრალდებულს შეუფარდა. ბრალდების მხარე 226 (40%) პირის მიმართ ითხოვდა გირაოს გამოყენებას. სასამართლომ მხოლოდ 22 (10%) შემთხვევაში არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობის მოთხოვნა. 52 (19%) ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა გირაოს მინიმალური ოდენობა. სასამართლომ 134 (49%) პირის მიმართ, გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

სხდომებზე დაკვირვებისას გამოკვეთილი სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: პატიმრობის მოთხოვნა/გამოყენება: პროკურატურა 323 (58%) ბრალდებულის მიმართ ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. აქედან 73 (22%) შემთხვევაში სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

საიას შეფასებით, 82 (32%) პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი ან არასათანადოდ დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 6 პროცენტითაა შემცირებული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 268 სხდომაზე 353 (63%) ბრალდებული დაკავებულის სახით წარდგა სასამართლოს წინაშე. სასამართლოს კონტროლი და პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობა: საგანგაშოა, რომ სასამართლოში გამოცხადებულმა 9 ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. კვლავ სუსტია სასამართლოს კონტროლი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შუამდგომლობებისა და დაკავების კანონიერების შეფასების ნაწილში, აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 33 (13%) პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს სულ რაღაც 15 წუთამდე დრო დასჭირდა. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ოთხი პროცენტული ერთეულით გაზრდილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების დადების ხვედრითი წილი. გამოვლინდა საგანგაშო შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე პროცესზე გადახდის ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა.

 

ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საქმეები: კვლავ მწვავე პრობლემაა ფემიციდის, ქალთა მკვლელობის შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში საია აკვირდებოდა ქალთა მკვლელობის არაერთ საქმეს, რომლებიც ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა. ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ქორწინების იძულების ფაქტი. სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ 56 (46%) პირს შეუფარდა პატიმრობა, 59-ს (48%) - გირაო, 1 (1%) ბრალდებულს კი - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ამ ბოლო შემთხვევაში ბრალდებული ქალი იყო. მოსამართლემ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული 6 (5%) პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. ანგარიშში აგრეთვე განხილულია სხვა ისეთი საკითხები და სხდომებზე დაკვირვების შედეგები, რომელთა მიმართაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი მაღალი იყო.

 

ანგარიში მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „Monitoring of the Judiciary” ფარგლებში. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მასში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები