პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დედათა მონასტერში მომხდარში ბრალდებულებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი

28.11.22 16:00


პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

 

„მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც კი ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული - 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი. ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის პირობების, გარემოებების შესწავლა ხდება შესაბამისი კრიმინოლოგიური კვლევების საფუძველზე. სანამ არ იქნება ასეთი კვლევები, რომელიც არ მოგვცემს ზუსტ მეცნიერულ დასკვნას იმისას, თუ რა იწვევს კონკრეტულ დანაშაულს, გამიჭირდება შევაფასო კონკრეტული დანაშაულის გამომწვევი მიზეზები“, - აღნიშნა დარახველიძემ.

 

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.

 

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

 

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები