პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე - როგორც კი უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება, ჩვენ მას სერიოზულად განვიხილავთ

29.11.22 11:00


როგორც კი უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება, ჩვენ მას სერიოზულად განვიხილავთ - ოპოზიციას საშუალებას არ მივცემთ, სპეკულაციები გამართოს, რომ რაღაცები დროზე არ გაკეთდა და რაღაცებს ხელისუფლება თვეების განმავლობაში ელოდა , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „მეგობრების რჩევებს პასუხისმგებლობით“ ეკიდება და ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნის პრობლემა არ არსებობს, თუმცა, სურთ ვალდებულებები ვადებში შეასრულონ.

 

"რაც შეეხება ქალბატონი ელჩის განცხადებას, ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების რჩევებს. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ვინაიდან, უკრაინული მოდელის საფუძველზე იქნა ჩვენი კანონპროექტი შემუშავებული, ხოლო უკრაინას გაგზავნილი აქვს ვენეციის კომისიაში კანონი და კანონის მიღების შემდეგაც კი ელის თვეების განმავლობაში ამ დასკვნას, როგორც კი დასკვნა იქნება, ჩვენ ამ დასკვნას პარლამენტში სერიოზულად განვიხილავთ.

 

არავითარი პრობლემა გადაგზავნასთან დაკავშირებით არ არის, ეს ჩვენი გუნდის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, ჩვენ ავხსენით, თუ რა ვადებშია შესასრულებელი ეს ვალდებულებები და ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ დროულად შეასრულოს რეკომენდაციები და პირობები. ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას საშუალებას, რომ სპეკულაციები გამართოს შემდეგ, რომ რაღაცები დროზე არ გაკეთდა და რაღაცებს ხელისუფლება თვეების განმავლობაში ელოდა. ამიტომ ვინაიდან ეს პროექტი არის უკრაინულის ანალოგი, ხოლო უკრაინა ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, როგორც კი ეს დასკვნა იქნება, ჩვენ ამ დასკვნას განვიხილავთ სერიოზულად.

 

რაც შეეხება კონტექსტს, უკრაინაში, როგორც ჩანს, ეს პრობლემა იყო უფრო ადრე და მასშტაბურად ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, თუ ის ფარავს უკრაინაში არსებულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა ის უპასუხებს საქართველოშიც ამიტომ კონტექსტი არის ის არგუმენტი, რომელიც ჩვენი ინიციატივის სასარგებლოდ მუშაობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები