SPECA, აზერბაიჯანი და საქართველო — წარმატებული თანამშრომლობა და შუა დერეფნის განვითარება

25.11.23 1:25


საქართველოს მომავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში. ამ პროექტში ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანთან ერთად საკვანძო პოზიციას იკავებს. აღნიშნული დერეფანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ძალიან მოთხოვნადი გახდა. ამიტომაც მასში მონაწილე ყველა ქვეყნის მუშაობის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

 

2023 წლის 24 ნოემბერს ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართული  SPECA-ს (გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის) სამიტი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.  სამიტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურების  გარდა საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანიც ეწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ.  

 

სამიტის შეჯამების შემდეგ შუა დერეფნის გაციფრულების საგზაო რუკა და ბაქოს დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციას აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მოაწერეს ხელი.

 

ბაქოს დეკლარაციაში აღინიშნა, რომ SPECA-ს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონალურ ინტეგრაციაში მუდმივი დიალოგის გზების შემსწავლელი, ასევე არსებულ გამოწვევებზე მოპასუხე ორგანიზაციის როლი უნდა გაძლიერდეს.  SPECA-ს ქვეყნები ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში ურთიერთქმედებაზე შეთანხმდნენ, როგორიცაა კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები, მრეწველობა, ენერგეტიკა, წყლის რესურსების მართვა და გარემოსდაცვა.

 

ბაქოს დეკლარაციაში ხაზი გაესვა იმას, რომ თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროს გაციფრულება და ტრანზიტული მარშრუტების მწვანე ტრანსფორმაცია წარმოადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და სატრანსპორტო პროცედურების გამარტივება, ასევე ენერგეტიკული გაერთიენება, მათ შორის მწვანე ენერგიის ხელშეწყობა ტრანსკასპიური შუა დერეფნის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მონაწილე ქვეყნებმა მულტიმოდალური მონაცემების გაცვლისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაციფრულების საგზაო რუკის მიღება გადაწყვიტეს.

 

სამიტზე ტრანსკასპიური შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და მოიხსენიეს, როგორც SPECA-ს მონაწილე ქვეყნებსა და ევროპისა და აზიის სხვადასხვა რეგიონებს შორის ერთ-ერთი ეფექტურ და მდგრად გაერთიანებად.

 

ბაქოს დეკლარაციის ხელმომწერმა ქვეყნებმა დერეფნის პოტენციალის ფართო გამოყენების წინადადებით გამოვიდნენ, რაც მოიცავს კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებას. აგრეთვე SPECA-ს მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებს გასცეს რეკომენდაცია, რომ დერეფნის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას ყურადღება მიაქციონ, რაც შესაძლებელია სატრანსპორტო კომპანიებს, ექსპედიტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებსა და ეროვნულ ოპერატორებს შორის კომუნიკაციების ეფექტურობის გაზრდით.

 

ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის. ის პრინციპები, რომელიც ბაქოს დეკლარაციის საფუძველშია მთლიანად ეხმიანება საქართველოს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში. ამ მიზნებისთვის კი უცხოური დაფინანსება გამოიყოფა.

 

ლოპესმა, მსოფლიო ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა თურქეთში, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი თურქეთთან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს. აღნიშნული დერეფანი ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში გადის. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია საქართველოს ბულგარეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო გზის პირველი ფაზის ამოქმედებადა, რომელიც სტამბოლის გავლით გადის. პირველი ფაზის განხორციელების სავარაუდო ღირებულება კი 600 მილიონ დოლარზე მეტია.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ SPECA-ს წევრი ყველა ქვეყანა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგალითად, ამ საკითხთან დაკავშირებით  სომხეთის დამოკიდებულების შედარებაც კი ზედმეტია.

 

სომხეთი რეგულარულად გაეროში ქართველი ლტოლვილების აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების წინააღმდეგ არა მხოლოდ ხმას აძლევდა, არამედ  სეპარატიზმსა და საქართველოს დანაწევრებას მხარს უჭერდა.  ერევანი ოკუპირებული ყარაბაღის ტერიტორიიდანაც ასეთ პოლიტიკას ახორციელებდა. მან ე.წ. „არცახის“ მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. სომხეთის „მთავარი მფარველი“ საფრანგეთცი უნამუსოდ მოიქცა საქართველოს მიმართ. 2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი კაპიტულაცია და მათზე უარის თქმა შესთავაზა.

 

შემთხვევითი არ არის, რომ SPECA-ს სამიტზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა შემდეგი:

 

„მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი, დამოკიდებული ქვეყანაა, რომლებსაც სურთ ერთდროულად ორ ან მეტ სკამზე ისხდნენ, ემსახურონ რამდენიმე ბატონს და გადაიქცნენ უფრო დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების ასპარეზად. ერთ-ერთი მათგანია სომხეთი.

 

ასეთ ქვეყნებს, არ შეიძლება, ვუწოდოთ დამოუკიდებლები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. ასეთი ქვეყნების პოლიტიკა არ არის დამყარებული ხალხის ნებაზე, მათი ბედი უცხოელი სპონსორების ხელშია, ხოლო SPECA-ს წევრი ქვეყნები მართლაც დამოუკიდებელი ქვეყნებია, რადგან ისინი ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკას.

 

თუ სტაბილურობა არ არსებობს, მაშინ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ შეიძლება. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ომები, კონფლიქტები და სისხლიანი შეტაკებებია. ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევს, განვითარებისა და მშენებლობის პროცესები წარმატებით მიმდინარეობს. ეს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების დიდი მიღწევა და წარმატებაა“.

 

აზერბაიჯანის ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრისას ილჰამ ალიევმა აღნიშნა:

 

„აზერბაიჯანის ძლიერი ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გავატაროთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 4-ჯერ გაიზარდა. ბიუჯეტის შემოსავლები 30-ჯერ გაიზარდა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10-ჯერ. აზერბაიჯანის პირდაპირი საგარეო ვალი ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. სავალუტო რეზერვები 10-ჯერ აღემატება პირდაპირ საგარეო სახელმწიფო ვალს, სიღარიბის დონე დაახლოებით 50-დან 5,5%-მდე დაეცა.

 

ეჭვგარეშეა, აზერბაიჯანმა ამ წარმატებებს ერთის მხრივ თურქეთთან და საქართველოსთან და მეორე მხრივ შუა აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიაღწია. აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციებით, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასაც ხელი შეუწყო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი თავად საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია.

 

ილჰამ ალიევის თქმით, „ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განახორციელა და ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდა, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნებზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ერთიანი ისტორიული, კულტურული და გეოპოლიტიკური სივრცეა. 

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SPECA—ს სამიტში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა.  ტოკაევმა მიულოცა ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს „ეპოქალური მოვლენა - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად“.

 

საქართველოში კარგად გვახსოვს, როგორ უპასუხა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სანქტ-პეტერბურგში შეხვედრისას მარგარიტა სიმონიანის პროვოკაციულ შეკითხვას ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ აღიარების შესახებ. მაშინ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი არასოდეს აღიარებს არც აფხაზეთის და არც ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა“ ან მსგავსი კვაზისახელმწიფოების ე.წ „დამოუკიდებლობას“. საქართველოს SPECA-ს ქვეყნებთან თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილების დაბრუნებაში მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

 

ეს პროცესი აზერბაიჯანში სრული სისწრაფით მიმდინარეობს. ილჰამ ალიევის თქმით, „დიდი დაბრუნების“ პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ ძირძველ მიწებს უბრუნდებიან. 2026 წლის ბოლომდე 140 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ სახლებს დაუბრუნდება. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომენტი და ქართველი ლტოლვილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნება შორი როდია.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

 

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები