პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - საქართველოში ყველაზე ანტიევროპული, ანტიქართული ძალა არის გარედან მართული

13.06.24 12:16


ეს ხალხი ხელისუფლებაში თუ მოვიდა, მთელს საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართველი ხალხი.

 

„ეს არის ძალა, რომელიც სრულად არის მარიონეტი გარე ძალებისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სრულად მოშლა სახელმწიფო ქსოვილისა, საზოგადოებრივი ქსოვილისა და როგორც მათ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ჩარეცხა, გარიყვა დაიწყეს, ზუსტად ამას უკვე ოპოზიციაში აკეთებდნენ. დღესდღეობით ძალაუფლება არ აქვთ, მათი პატრონები გარედან იმიტომ ცდილობენ, დააბრუნონ ხელისუფლებაში, რომ მიიტაცონ სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მიიტაცოს უცხო ძალებმა, როგორც ჰქონდათ 2012 წლამდე გარე ძალებს მიტაცებული საქართველოს სახელმწიფო. მაშინ იყო სრული მარიონეტული ხელისუფლება, ზუსტად ასეთი მარიონეტი უნდათ, რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში. ამისთვის, ვხედავდით, როგორ ხდებოდა გარედან ჩარევა. ვხედავდით მიხეილ სააკაშვილის შეფარებას, რომელიც ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, მას ხელს ართმევდნენ, ბრიუსელის კაბინეტებში იღებდნენ, კონფერენციებზე ეპატიჟებოდნენ, ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში. სულ ახლახან სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის არის კრიმინალი და ასეთი კრიმინალი ევროპული ღირებულებების საფარქვეშ იყო მიღებული ბრიუსელის კაბინეტებში. ამას ვხედავთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის სივრცეში.

 

ორი კრიმინალი, რომელმაც აქ წამების სისტემა მოაწყვეს, ყველაფერი, რაც კი არის ანტიევროპა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და კეზერაშვილმა მოაწყვეს საქართველოში. ზურაბ ადეიშვილი ვნახეთ ჩვენ ცოტა ხნის, ბრიუსელის კაბინეტებში როგორ ხვდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. ჩვენი რეაქციის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე წუხილი გამოეთქვა ვინმეს, მოვისმინეთ საპირისპირო ახსნა იმისა, რომ არ იცოდნენ, ვის ხვდებოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფებოდა უკრაინაში, კიევში და კვლავ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს. ყველაზე ანტიევროპული, ანტიქართული, ანტიჰუმანური, ძალა საქართველოში არის გარედან მართული ძალა და არის სურვილი, რომ ისინი დაბრუნდნენ, რათა საქართველოს სახელმწიფო მიიტაცონ გარე ძალებმა, როგორც ეს ჰქონდათ 2012 წლამდე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები