პოლიტიკა

საქსტატი - 2023 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია

14.06.24 17:36


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 144 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.1 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 17.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 24.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

 

საქსტატის ცობით, 2023 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 469.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 36.8 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 63.2 პროცენტი – წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 689.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

 

ამასთან, გასულ წელს სასაკლაოების მიერ 60 618.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 31.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 38.3 პროცენტი – ფრინველის, 28.8 პროცენტი – ღორის, 1.1 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 34.4 ლარი, ცხვრის ან თხის – 15.9 ლარი, ღორის – 29.6 ლარი.

 

საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოში 373 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 57.9 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

 

საანგარიშო პერიოდში, მაცივრებში შენახული იყო 321.6 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 44.0 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.6 პროცენტი – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 13.4 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.6 პროცენტი – თევზეული, 3.3 პროცენტი – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 6.2 პროცენტი ეკავა.

 

ამასთან, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2023 წლის განმავლობაში შესყიდულია 68.4 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.6 მლნ. ლარი შეადგინა.

 

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 545.3 მლნ. ლარის ღირებულების 98.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი, 45.6 პროცენტი იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 58.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები