ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთვრობამ საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს

16.08.17 21:45


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმება გაფორმდა.

სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის 44.6 მლნ. ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორის მერსი თემბონის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში.

„ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA)“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

უწყების განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები